2014 წლის 1, 8 და 15 ივნისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაატარა სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციით.
პირველად საქართველოში, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ყველა მონაწილემ გამოცდა ჩააბარა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გადაეცა, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის, JILEP–ის, მიერ, რომელსაც საქართველოში ახორციელებს East West Management Institute–ი.
კომპიუტერული პროგრამა იძლევა აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდის ჩაბარებისა და გასაჩივრების საშუალებას ელექტრონული ფორმით. გამოცდის მონაწილეებთან კომუნიკაცია, ხორციელდება აპლიკანტთა ინდივიდუალურ პორტალებზე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით. პროგრამის მეშვეობით აპლიკანტისთვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდება გამოცდის დასრულებისთანავე.
გამოცდების მიმდინარეობას საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდნენ.
თითოეული სპეციალიზაციის გამოცდისთვის განსაზღვრული იყო 100 საგამოცდო კითხვა. აპლიკანტებმა, რომელთაც გამოცდაზე მოაგროვეს 75 ან მეტი ქულა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვალათ ჩაბარებულად. 2014 წლის ივნისის გამოცდის მონაწილეთა სრული შემადგენლობიდან გამოცდა ჩააბარა 14 %–მა.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები წელიწადში ორჯერ ტარდება.